აფხაზეთის კავკასიონი - ვიკიპედია
აფხაზეთის კავკასიონი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფხაზეთის კავკასიონი[1] — საქართველოს კავკასიონის დასავლეთი ნაწილი, მდინარეების ფსოუსა და საკენის სათავეებს შორის. მოიცავს მთავარ ქედს და მის სამხრეთ განშტოებებს: გაგრის, ბზიფის, აფხაზეთისა და კოდორის ქედებს, რომელთა შორის მოქცეულია ბზიფის, ჩხალთის, საკენისა და სხვა ხეობები. მთავარ ქედზე უმაღლესი წერტილია მწვერვალი დომბაიულგენი (4046 მ). უღელტეხილებია: ქლუხორი (2816 მ), ნაჰარი (2931 მ), მარუხი (2746 მ), სანჩარო (2292 მ), ხიდა (2632 მ) და სხვა. მათზე გადადის საცალფეხო გზები.
აფხაზეთის კავკასიონს ახასიათებს სიმაღლეთა დიდი ამპლიტუდა. განეკუთვნება ალპურ ნაოჭა სისტემას. თითქმის ყველა მაღალი ქედის ზემო ნაწილში არის ტროგული ხეობები, მყინვარული ცირკები, მყინვარული ტბები და სხვა. აფხაზეთის კავკასიონის ბუნება მრავალფეროვანია. აქ არის თითქმის ყველა სიმაღლითი ლანდშაფტური სარტყელი მათი კარსტული სახესხვაობებით: მთა-ტყის (ფართოფოთლიანი) სარტყელი ტყის ყომრალი ნიადაგებით (ზღვის დონიდან 500-600 მ-დან 1300-1400 მ-მდე); წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის სარტყელი ტყის ყომრალი და გაეწრებული ყომრალი ნიადაგებით (1000-1300 მ-დან 1800-1900 მ-მდე); სუბალპური სარტყელი მთის მდელოს ნიადაგებით, სუბალპური ტყე-ბუჩქნარით, ლიხითა და მდელოებით (1800-1900 მ-დან 2300-2400 მ-მდე); ალპური სარტყელი მთა-მდელოს ნიადაგებით, მდელოებითა და ხალებით (2300-2400 მ-დან 2700-2800 მ-მდე); სუბნივალური და ნივალური სარტყელი (2800-2900 მ ზემოთ) შიშველი კლდეებით, თოვლითა და მყინვარებით.
- სანებლიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, , 1977. — გვ. 31.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 1987. — გვ. 18.
უმთავრესი მწვერვალები (მეტრობით) |
---|
დომბაიულგენი (4046) · გვანდრა (3983) · ჯუგუტურლუჩატი (3927) · ერწახვი (3910) · მარუხი (3805) · პტიში (3789) · საფრიჭა (3786) · ხოკელი (3644) · დიდი ხუტია (3544) · მცირე ხუტია (3280) · ყლიჩი (3271) · აგეფსთა (3257) · აჟარა (2907) · ანჩხო (2700) · უღელტეხილები (მეტრობით) საფრიჭა (3550) · დალარი (3500) · პტიში (3070) · აგეფსთა (3050) · დომბაიულგენი (3005) · გვანდრა (2950) · ნაჰარი (2880) · ნაური (2860) · ქლუხორი (2896) · მარუხი (2769) · ხიდა (2632) · სანჩარო (2292) · ვაგერკერი (2270) · მაგანა (2265) · ახუკდარა (2072) |