გვირილა - ვიკიპედია
- ️Sun May 10 2009
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვირილა |
---|
გვირილას ყვავილები პეპლებთან ერთად |
აღწერა |
მცენარეთა რამდენიმე გვარის კრებითი სახელი |
სახელის სტატუსი |
არ არის განსაზღვრული |
მშობლიური ტაქსონი |
ყვავილოვანი მცენარეები |
გვარები |
გვირილა — რთულყვავილოვანთა ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია Pyrethrum-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპისა და აზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში.
საქართველოში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა.
ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა (ბალზამური გვირილა - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს ფართოდ მოსენებული დალმაციური გვირილა (Pyrethrum cinerarifolium) და წითელი ანუ კავკასიური გვირილა (Pyrethrum roseum). Pyrethrum parthenium-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო (ეგრეთ წოდებული კალუფერი ანუ კანუფერი) ლიქიორების არომატიზაციისათვის.
Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია ყვითელი გვირილა (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, Leucanthemum-ის გვარიდან - მინდვრის გვირილა.
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, , 1978. — გვ. 148.
- Chamomile (Matricaria recutita, Chamaemelum nobile) medical and therapeutic information on MedlinePlus (ინგლისური)
- Chamomile fact sheet, NIH National Center for Complementary and Integrative Health (ინგლისური)
- Roman chamomile დაარქივებული 2009-05-10 საიტზე Wayback Machine. , the National Cancer Institute (ინგლისური)
- PLANTS Profile: Anthemis tinctoria L. (golden chamomile), USDA (ინგლისური)
- „Chamomile“ . ენციკლოპედია ამერიკანა. 1920. (ინგლისური)