ka.wikipedia.org

ფარავანი - ვიკიპედია

  • ️Mon Nov 12 2018

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარავანი
ფარავნის ტბა შებინდებისას
ფარავნის ტბა შებინდებისას
კოორდინატები: 41°26′44″ ჩ. გ. 43°48′42″ ა. გ. / 41.445806° ჩ. გ. 43.811750° ა. გ.
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2073 
ფართობი 37,5 კმ²
მოცულობა 0,091 კმ³
საშუალო სიღრმე 2,2 
მაქსიმალური სიღრმე 3,3 
აუზის ფართობი 234 კმ²
ჩამდინარე მდინარეები შაორი
საბადოსწყალი
ფარავნისწყალი
გამომდინარე მდინარე ფარავანი

ფარავანი — საქართველო

ფარავანი

ფარავანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე

ფარავანი

მედიაფაილები ვიკისაწყობში

ფარავანი — ვულკანურ-ტექტონიკური ტბა სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.[1] წარმოადგენს ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდეს ტბას. გაწოლილია ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სამსრისა და ჯავახეთის ქედებს შორის მდებარე ქვაბულში, ზღვის დონიდან 2073 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 37,5 კმ², აუზის ფართობი 234 კმ². ტბის საშუალო სიღრმე 2,2 მ, მაქსიმალური სიღრმე 3,3 მ, წყლის მოცულობა 91 მილიონი მ³. წყლის დონე ყველაზე დაბალია ოქტომბერ-ნოემბერში, ყველაზე მაღალი მაის-ივნისში. ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე ირყევა 47–73 სმ შორის. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.[2]

ტბის ქვაბული წარმოქმნილია მდინარის ხეობის გადაკეტვით სამსრის ქედიდან ჩამოსული პლეისტოცენის პერიოდის ახალგაზრდა ვულკანური ნაკადით. ტბის ქვაბულის ფსკერი დროთა განმავლობაში დაიფარა მძლავრი ტბიური დანალექებით. ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი, რომელიც ხასიათდება ვერტიკალური ზონალობით, ძირითადად წარმოდგენილია ბალახეული ფორმაციებით.[3]

ტბის ქვაბულის სანაპირო ხაზი შეჭრილ-შემოჭრილია, ორიენტირებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. ტბის ფსკერი თითქმის ბრტყელია. ქვაბულის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნაპირი დაბალი და დაუნაწევრებელია. ქვაბულის ძირი ამოვსებულია ტბიური ნაფენებით, რომლის სიმძლავრე რამდენიმე ათეული მეტრია.[4] იგი ნელ-ნელა ღრმავდება ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ. ტბის დაბალი სიღრმეების მიუხედავად, წყალმცენარეები ძალზე სუსტად არის განვითარებული, რაც შესაძლებელია აიხსნას ძლიერი ქარებითა და ქარისაგან დაცული უბეების არარსებობით.[3] ნიადაგურ-მცენარეული საფრის ვერტიკალური სარტყლურობა მაინც შეინიშნება.[5]

შედარებით მშრალი კლიმატისა და ძლიერ დანაპრალიანებული ვულკანური განფენების მიზეზით ტბის ჰიდროგრაფიული ქსელი მეტად სუსტად არის განვითარებული. ერთვის მცირე მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, ფარავნისწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება მარჯვნიდან. მდინარე ფარავანს ფარავნის ტბიდან წელიწადში გამოაქვს 45 მლნ. მ​³ წყალი.[6] ტბა პოპულარულია მეთევზეთათვის. წყალი მტკნარია (80 მგ/ლ).[2] გამოიყენება თევზსამეურნეო დანიშნულებით. მდიდარია თევზით; გვხვდება ტბის კალმახი, ფარავნის კობრი, ხრამული, ტბის ქაშაპი, მტკვრის წვერა, აღმოსავლური მარდულა, რიპუსი და სხვა.[5]

ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. ფარავნის ტბის ნაპირას არის ფოკის მამათა მონასტერი, სიახლოვეს — შაორის ციხე, ხოლო ტბის აღმოსავლეთით — ფარავნის ქარვასლა.

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 2009. — გვ. 168.
  2. 2.0 2.1 ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, , 1986. — გვ. 221.
  3. 3.0 3.1 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-12. ციტირების თარიღი: 2017-07-13.
  4. საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გეოდინამიკური პროცესები და მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები
  5. 5.0 5.1 Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.
  6. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

    

აბანოს მინერალური ტბა · აბუდელაურის ტბა · აბულის ტბა · ადუედააძიჟი · ამტყელის ტბა · ანიშხწარა · არჩვების ტბა · ბაზალეთის ტბა · ბარეთის ტბა · ბატეთის ტბა · ბებესირი · ბუღდაშენის ტბა · გაგიდის ტბა · გონიოს ტბა · გორაფის ტბა · გრძელი ტბა · დერიკვარაძიში · დიდი ბებესირი · დიდი გლდანის ტბა · დიდი მცრა · დიდი ოქროწყალი · დიდი წითელი ხატის ტბა · დიდი ჯაჯის ტბა · დევის ტბა · ერწოს ტბა · ვაჩიანის ტბა · ზრესი · იმნათის ტბა · ინკითი · კაპატაძის ტბა · კარწახის ტბა · კახისის ტბა · კუმისის ტბა · კუს ტბა · ლამაზი ტბა · ლევანის ტბა · ლისის ტბა · მადათაფა · მზი · მრუდე ტბა · მწვანე ტბა · ნახევარტბა · ნურიე · ორლოვკის ტბა · პალიასტომი · პატარა ბებესირი · პაპანწყვილი · პატარა გლდანის ტბა · პატარა რიწა · პატარა ტბა · პატარა წითელი ხატის ტბა · პატარა ჯაჯის ტბა · რიწა · სანთის ტბა · სახარე ტბა · საღამოს ტბა · ტაბაწყური · ტანიეს ტბა · ტბიყელი · ტობავარჩხილი · ფარავანი · ფართოწყარი · ფსიკვა · ქაჩალტბა · ქვედის ტბა · ქოჩების ტბა · ყაჯირის ტბა · ყელის ტბა · ყელიცადი · შიშველი ტბა · ჩაპაევკის ტბა · ცისფერი ტბა · წეროს ტბა · წუნარის ტბა · წუნდის ტბა · ხადიკის ტბა · ხანჩალი · ხახიეთის ტბა · ჯანდარის ტბა · ჯაპანის ტბა · ჯიქურების ტბა